English / ქართული / русский /
ირინე მამალაძეალექსანდრე ხვედელიანი
ვენჩურული კაპიტალის როლი ინოვაციურ ეკონომიკაში

ანოტაცია.

ინოვაციური ეკონომიკა დაფუძნებულია ინტელექტუალურ რესურსებზე, სამეცნიერო და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. „ახალ ეკონომიკაში“ იგულისხმება „მთლიანად ეროვნული ეკონომიკის ხარისხობრივად ახალი ტექნოლოგიური დონე საზოგადოების მოქმედი სამეწარმეო ძალის გათვალისწინებით“.

თანამედროვე საქართველოსთვის ერთ-ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც აფერხებს ინოვაციურ საქმიანობას, და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, წარმოადგენს ფინანსური ფაქტორი - ინოვაციური პროექტების დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების უკმარისობა და ხელმიუწვდომლობა.

კაპიტალის ალტერნატიული ბაზრის განვითარება ინოვაციური ინვესტირების ფონდების ბაზაზე მოგვცემს ინვესტორების და მოწინავე ტექნოლოგიების შემქმნელების, რომელთაც დღეს არ გააჩნიათ საკმარისი სახსრები მათ განსახორციელებლად, ინტერესების შეთანხმების საშუალებას. კაპიტალის თანამედროვე ალტერნატიული ბაზრის ერთ-ერთი ელემენტის როლში გამოდის ვენჩურული კაპიტალის ბაზარი.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციური ეკონომიკა; ცოდნის ეკონომიკა; ადამიანისეული კაპიტალი; სარისკო კაპიტალი; ვენჩურული ფონდები.

შესავალი

ბოლო წლებში აქტიურად ცდილობდნენ ვენჩურული კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების თეორიული საფუძვლის ახსნას. უცხოური ქვეყნების მაგალითებზე, სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოსათვის გამოსადეგი გამოცდილების გამოვლენა ხდებოდა, მაგრამ ქართულ სინამდვილეში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონის თავისებურებების გათვალისწინებით, მისი ფორმირებისა და რეგულირების მკაფიო დეფინიციების განსაზღვრა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. არსებული სტატუსკვოს გათვალისწინებით, საბაზრო ურთიერთობების გაღრმავება, შემდგომი განვითარება და საინვესტიციო პოლიტიკის სახელმწიფო დონეზე ფორმირება შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარების გარეშე. მდგომარეობას ამწვავებს ის გარემოებაც რომ, საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო ოცწლეულის მანძილზე, საკმაოდ ხშირად იცვლებოდა ეკონომიკური და სოციალური სიტუაცია, საგადასახადო სისტემა თუ სხვა საკანონმდებლო აქტები. ამგვარად, საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ბაზრის ფორმირებისა და განვითარების გადაუდებელი საჭიროება განპირობებულია როგორც საინვესტიციო პროცესის გამოცოცხლების, ასევე მისთვის ინტენსიური ხასიათის მიცემის აუცილებლობით.

თანამედროვე საზოგადოების ფორმირების ძირითად მსოფლიო ტენდენციას წარმოადგენს გადასვლა ნედლეულისა და ინდუსტრიული ეკონომიკიდან „ახალ ეკონომიკაზე“, რომელსაც ზოგჯერ ასევე  „ცოდნის ეკონომიკას“უწოდებენ (knowledge based economy). ინოვაციური ეკონომიკა დაფუძნებულია ინტელექტუალურ რესურსებზე, სამეცნიერო და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. „ახალ ეკონომიკაში“ იგულისხმება „მთლიანად ეროვნული ეკონომიკის ხარისხობრივად ახალი ტექნოლოგიური დონე, საზოგადოების მოქმედი სამეწარმეო ძალის გათვალისწინებით“ [2.13]. ეკონომიკის აღნიშნული სახეობა აქცენტს აკეთებს არა მარტო საკუთარი ცოდნის დაფინანსებაზე, არამედ ამ ცოდნის ეფექტიან  წარმოებად გარდაქმნაზეც. საქართველომ არაერთხელ განაცხადა ჩვენი ეკონომიკის განვითარების ინოვაციურ გზაზე გადასვლის შესახებ, მაგრამ ამისათვის უბრალო დაანონსება არ მოგვიტანს მოსალოდნელ შედეგს. წარმოების ფაქტორების სტრ უქტურაში სისტემური ინოვაციების აღმოჩენა გამოიწვევს გარკვეულ დისბალანსს არსებულ სისტემაში და მოითხოვს ფაქტორების კომბინაციების გადახედვას, მათი ოპტიმალური შეხამების ძიებას და, შესაძლებელია, განაპირობებს ახალი და  კომპლექსური ფაქტორების წარმოქმნას, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საბაზრო განვითარების თანამედროვე ეტაპთან.

უკვე არსებული ფაქტორების სინერგიის შედეგად მიღებული კომპლექსური ფაქტორებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს ვენჩურული კაპიტალი, რომელიც ინოვაციურ მიმართულებასთან ერთად ითვალისწინებს ეკონომიკური სისტემების მომატებულ რისკებს, ეკონომიკური გარემოს არასტაბილურობას, ინოვაციების ციკლს, მეწარმეების რიგებში მმართველობითი უნარ-ჩვევების და საინვესტიციო პროცესის ცოდნის უკმარისობას. მის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ვენჩურული კაპიტალის ინოვაციური ხასიათი, რომელიც ეყრდნობა მიღწევებს მეცნიერების დარგში, ახალი ტექნოლოგიების სწრაფ ათვისებას და ეფექტურ მენეჯმენტს. ის ქვეყნები, რომლებიც დღეს აკონტროლებენ ახალი ტექნოლოგიების შექმნის პროცესს, ხვალ გააკონტროლებენ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი პროდუქციის ბაზრებს. ამ პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ შედეგს წარმოადგენს ლიდერი ქვეყნების სავარაუდო დომინირება მსოფლიოს ძირითად ბაზრებზე, ამ ბაზრებიდან პერიფერიული ქვეყნების (საქართველოს ჩათვლით) შეგნებული განდევნის თანხლებით.

2016 წლის 30 ოქტომბერს დაიდო გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მომზადებული ანგარიში, სადაც მოცემულია ქვეყნების რეიტინგი მეცნიერებასა  და კვლევებზე დახარჯული თანხების მშპ-თან წილის მიხედვით. საქართველო ამ რეიტინგში რამდენიმე წელია საერთოდ არ მონაწილეობს. საერთაშორისო ორგანიზაციის KNOEMA მონაცემებით კი სურათი შემდეგია (ცხრ. 1):

ცხრილი 1

სხვადასხვა ქვეყნების დანახარჯები სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე

რეიტინგი

ქვეყანა

დანახარჯები

(%)

1

ისრაელი

4,4

2

ფინეთი

3,88

3

სამხრეთ კორეა

3,74

4

შვედეთი

3,4

5

იაპონია

3,36

6

დანია

3,06

7

შვეიცარია

2,99

8

აშშ

2,9

9

გერმანია

2,82

10

ავსტრია

2,75

62

საქართველო

0,1

წყარო: http://knoema.ru/atlas/topics…  [4]

საქართველო ჩამორჩება არა მარტო პოსტსაბჭოური და ჩვენთან საერთო წარსულის მქონე მეზობლებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი), არამედ „მესამე სამყაროს“ წარმომადგენლებს - ტოგოს, კვიპროსსა და სხვა. ამიტომაც ქვეყნის ახალი იმიჯის შექმნის საკვანძო ფაქტორებად უნდა იქცეს სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობის, განათლების, სამეცნიერო და ინფორმაციული ტექნოლოგიების გავლენის გაძლიერება ეკონომიკაზე, სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე და მათ მიერ ხარისხობრივად ახალი მახასიათებლების და ფუნქციონირების მექანიზმების შეძენა.

წამყვან ინდუსტრიულ სახელმწიფოებში „ახალი ეკონომიკის“ შემოღება მნიშვნელოვანი ხარისხითაა განპირობებული ინოვაციების ტემპების, ინოვაციური პროცესების რეალიზების მიმართულებებისა და მექანიზმების ეკონომიკური როლის შეცვლით. არ შეიძლება არ გაითვალისწინო ეკონომიკაზე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის ზეგავლენა, ვინაიდან მთლიანად ეკონომიკა ეფუძნება სამეცნიერო ცოდნას, ხოლო მისი ინოვაციური განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი სამეცნიერო ცოდნის და სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების ხარჯზე. საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი სამეცნიერო ბაზა და მაღალკვალიფიციური კადრები, თუმცა, ამავდროულად,  ამ ინოვაციური პოტენციალის ორიენტაცია წარმოებაში და საქმიანობის სხვა სფეროებში საკმაოდ სუსტია.

საქართველო ვერ შეძლებს თავისი სამეცნიერო პოტენციალის შენარჩუნებას მისი ეროვნულ ეკონომიკასთან დაკავშირების გარეშე, ხოლო ეკონომიკა ვერ გახდება კონკურენტუნარიანი სამეცნიერო საყრდენის გარეშე. ინოვაციური საქმიანობას ეკონომიკური ურთიერთობების საერთო სისტემაში უკავია საკვანძო ადგილი, რადგან მისი საბოლოო შედეგების (წარმოების ეფექტიანობის ამაღლების, სამეცნიერო პროდუქციის გამოშვების მოცულობის ზრდის) მიხედვით განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური სიმძლავრე თანამედროვე პირობებში.

ინტეგრაცია მაღალტექნოლოგიურ გარე საბაზრო გარემოში საჭიროებს ახალ ინოვაციურ მენეჯმენტს, რომელიც ადეკვატურად და სწრაფად რეაგირებს მის მუდმივ ცვლილებებზე. ინოვაციებს აკავშირებს ხასიათით და მეთოდებით განსხვავებული ეკონომიკური საქმიანობის დარგები: მეცნიერება, წარმოება, ფინანსები.

თვით „ინოვაციის“ ცნება სამეცნიერო კვლევებში გამოჩნდა XX საუკუნეში. ითვლება, რომ ტერმინი _  „ახლის დანერგვა“ („ინოვაცია“) _  შემოიტანა იოზეფ შუმპეტერმა, რომელმაც განსაზღვრა იგი, როგორც საწარმოო ფაქტორების ახალი სამეცნიერო-საორგანიზაციო კომბინაცია, რომელიც მოტივირებულია სამეწარმეო სულით.

დღეს ტერმინს „ინოვაცია“ სხვადასხვა ავტორები ხშირად სხვადასხვა დატვირთვას ანიჭებენ.  გამომდინარე კვლევის ობიექტიდან ან საგნიდან, ინოვაცია შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც:

  • პროცესი (ტ. ბაიანი, დ. მ. გვიშიანი, ი.პინინგსი, ბ. სანტო, ბ. ტვისი);
  • სისტემა ( ი. შუმპეტერი);
  • ცვლილება (ფ. ვალენტა, ლ. ვოლდაჩეკი);
  • შედეგი (ლ. მ. გოხბერგი, ა. ლევინსონი).

ასევე შესაძლებელია ინოვაციების კლასიფიკაცია შემდეგი თვისებების მიხედვით:

  • გამოყენების საგანი და სფერო (ინოვაცია-საქონელი, ინოვაცია-პროცესები, ინოვაცია-სერვისები, ინოვაციები-ბაზრები);
  • მოთხოვნების დაკმაყოფილების ხასიათი (ინოვაციები, რომლებიც ქმნიან ახალ მოთხოვნებს და ავითარებენ არსებულს);
  • ინოვაციებში გამოყენებული ტექნოლოგიური პარადიგმები;
  • სასიცოცხლო ციკლის დარგობრივი სტრუქტურა (წარმოქმნის დარგი, დანერგვის დარგი, მოხმარების დარგი) და ა.შ.

ინოვაციური პროცესების კვლევის და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მათი ადგილის შეფასების ძლიერ იმპულსად იქცა ნ. კონდრატიევის ნაშრომები, განსაკუთრებით მის მიერ განხილული კონიუნქტურის დიდი ციკლები (გრძელი ტალღები), რომლებიც წარმოიქმნება „თითოეული საბაზისო სიახლისგან და წარმოადგენენ მეორადი, დახვეწილი ნოვაციების სიმრავლეს“.  სიახლეს იგი „კუმულაციურ“ ელემენტებს მიაკუთვნებდა, რომლებიც განსაზღვრავს დინამიკას. როგორც შემდგომ გვაჩვენეს ი. ფრისტმა და მ. პორტერმა, განვითარების მსგავსი ხასიათი განპირობებულია რეალური, ღია „სოციო-ტექნიკურ სისტემებში“ ადგილის მქონე პროცესების მიერ. კონდრატიევის კვლევებმა მოახდინა ამ ციკლების და მათი ხანგრძლივობის შემდგომი შესწავლის ინიცირება.

ი. შუმპეტერმა პირველმა მიუთითა ტექნიკურ ნოვაციაზე, როგორც მაღალი მოგების მიღწევის ეკონომიკურ საშუალებაზე, ჯ. ფონ ნეიმანის ეკონომიკური ზრდის თეორიის საპირისპიროდ, რომელშიც ტექნიკური პროგრესი საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ნეიმანის ანალოგიურად, ზრდის თავისი მოდელი ააგო ჰარროდმა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით შენიშნა რობერტ სოლოუმ, მან ვერ შეძლო ინოვაციების ეკონომიკურ ზემოქმედებასთან შეტაკებისთვის თავის არიდება. შემდეგ აღმოცენდა კალეცკის განვითარების სცენარი, შმუკლერის  კვლევები, რომლებიც ეფუძნებოდა ეკონომიკურ ზრდაზე ტექნიკური ცვლილებების დიდი ზეგავლენის ფაქტის აღიარებას. 

 დიაგრამა 1. ინოვაციური განვითარების ძირითადი ტალღების პერიოდიზაცია

(. შუმპეტერისდა. ფრიდმენის მიხედვით)[3]

 

მრავალი მკვლევარის აზრით, ნოვატორული საქმიანობა განიხილება, როგორც ძირითადი ფაქტორი, რომელიც იწვევს ეკონომიკაში ტალღისებრი ხასიათის დინამიურ ცვლილებებს. ინოვაციური განვითარების ძირითადი ტალღების პერიოდიზაცია ი.შუმპეტერის და კ. ფრიდმენის მიხედვით მოყვანილია დიაგრამაზე 1.

ამ და სხვა თეორიების საფუძველზე ევროპელმა მეცნიერებმა  შეიმუშავეს ტექნოლოგიური წყობის კონცეფცია. ტექნოლოგიური წყობის ცნება. „წყობის“ ცნება გულისმოხბს ნებისმიერი რამის მოწყობას ან დამკვიდრებულ წესს. ტექნოლოგიური წყობა ხასიათდება მის შემადგენლობაში არსებული,   კვალიფიციური სამუშაო ძალის საერთო რესურსებზე, საერთო სამეცნიერო-ტექნიკურ რესურსებზე და ა.შ. დაყრდნობილი ხარისხით ერთგვაროვანი რესურსების ვერტიკალური და ჰორიზონტალური ნაკადებით დაკავშირებული საწარმოების ერთიანი ტექნიკური დონით. მეცნიერები გამოყოფენ 5 ტექნოლოგიურ,  ან დასავლური ტერმინოლოგიის მიხედვით - „მრეწველობის გრძელი ციკლების“ წყობას. თითოეული ასეთი ციკლი იწყება მაშინ, როდესაც ინოვაციების კომპლექტი შედის მეწარმეების განკარგულებაში. ჩვენი, მე-5 ციკლის დაწყებას უკავშირებენ კომუნიკაციების ახალი საშუალებების, ციფრული ქსელების, კომპიუტერული პროგრამების და გენური ინჟინერიის განვითარებას. თითოეული ციკლის დასაწყისისთვის დამახასიათებელია ეკონომიკის აღმავლობა, მაშინ როდესაც დასასრულისთვის დამახასიათებელია მისი დაღმავლობა (ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს დიდი ამერიკული დეპრესია).

ტექნოლოგიური რევოლუციის თანამედროვე ეტაპზე კომპანიები მიისწრაფვიან ინოვაციებში განხორციელებული ნოვატორობის და სიახლეების ხვედრითი წილის ზრდისკენ, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაზარდონ მონოპოლიზმის დონე მოცემულ სფეროში და უკარნახონ მომხმარებლებს და კონკურენტებს საკუთარი პოლიტიკა. საზოგადოების კეთილდღეობა განისაზღვრება არა საწარმოო ფაქტორების მასით, არა ინვესტიციების მოცულობით, არამედ ინოვაციური საქმიანობის ეფექტურობით, რაც იძლევა საბოლოო დადებით შედეგს.

ჩვენი აზრით, ინოვაციური საქმიანობა იძლევა უთანხმოებების გადაჭრის საშუალებას, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რომ თითოეული საგანი (პროცესი, მოვლენა) მოიცავს განვითარების (პოტენციის) ობიექტურ ტენდენციებს. მათი რეალიზება ხორციელდება სოციალური და ეკონომიკური სუბიექტების მიზანმიმართული ინოვაციური საქმიანობის შედეგად.

თვით ინოვაციური საქმიანობა ასევე იწვევს შიდა წინააღმდეგობებს, რადგან ცნობილი ცდომილება მიზნებსა და შედეგებს შორის ინოვაციური საქმიანობის დროს გარდაუვალია, რაც დაკავშირებულია თვითონ ინოვაციებში ობიექტურობის და სუბიექტურობის არსებობასთან. ინოვაცია მჟღავნდება საბოლოო შედეგში, როგორც ინოვაციური პროცესებში მონაწილე სუბიექტების განსხვავება და გულისხმობს საერთო ფუნქციის რეალიზებას, ანუ  მიზანმიმართული საქმიანობის მეშვეობით  არსებული წინააღმდეგობების გადაწყვეტას, რაც თავიდან გვარიდებს წინააღმდეგობებს ან არბილებს მათი გამომჟღავნების სიმძაფრეს.

ინოვაციურ საქმიანობას განიხილავენ ამ სიტყვის ფართო და ვიწრო მნიშვნელობით. სიტყვის ფართო მნიშვნელობით ინოვაციური საქმიანობა წარმოადგენს საზოგადოების სიცოცხლის მომენტს, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი განვითარების ბუნებრივ და ხელოვნურ, სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა ფაქტორებს. სიტყვის ვიწრო („სპეციფიკურად ეკონომიკური“) მნიშვნელობით ინოვაციური საქმიანობა მიმართულია საწარმოო ფაქტორების ურთიერთქმედების ახალი დონის უზრუნველყოფაზე ახალი სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის გამოყენების მეშვეობით. ნებისმიერი ცვლილება სოციალური სუბიექტის ბუნებასთან და საზოგადოებრივ გარემოსთან ურთიერთქმედების მეთოდებში ჩნდება მისი პრაქტიკული (მათ შორის სასულიერო) საქმიანობის შედეგად. ინოვაციური საქმიანობა, რომელიც განიხილება ინოვაციებში კაპიტალური დაბანდებების ეკონომიკური პროცესების კონტექსტში, წარმოადგენს საინვესტიციო-ინოვაციურ საქმიანობას.

თანამედროვე საქართველოსთვის ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც აფერხებს ინოვაციურ საქმიანობას, და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, წარმოადგენს ფინანსური ფაქტორი - ინოვაციური პროექტების დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების უკმარისობა და ხელმიუწვდომლობა.

ინოვაციების დაფინანსების ძირითადი წყაროების სახით გამოყოფენ:

  • საკუთარი და ნასესხები ფინანსური სახსრები, აქტივების სხვა სახეობები (ძირითადი ფონდები, მიწის ნაკვეთები, სამრეწველო საკუთრება და ა.შ.);
  • ასიგნებები ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან;
  • უცხოური ინვესტიციები, რომელთა წარდგენა ხდება ფინანსური სახით ან საწესდებო კაპიტალში სხვაგვარი მონაწილეობით;
  • დაბრუნებადობის საფუძველზე გაცემული კრედიტები, მათ შორის სახელმწიფო, კომერციული ბანკებისა და უცხოელი ინვესტორების.

საწარმოების მიერ დიდი იმედების დამყარება საკუთარ სახსრებზე ხდება არა იმიტომ, რომ ისინი საკმარისად აქვთ, არამედ სხვა წყაროების სიმწირის ან ხელმიუწვდომლობის გამო. ასე, საკრედიტო სისტემა იშვიათად გამოიყენება ინოვაციების დაფინანსების მიზნით. საქართველოს საბანკო სისტემის უუნარობა, უზრუნველყოს განვითარებადი კომპანიების ადეკვატური დაფინანსება, ხელს უშლის ძირითადი ფონდების განახლებას და ინვესტირებას ახალ ტექნოლოგიებსა და ადამიანურ კაპიტალში. ეს პრობლემა უფრო მძაფრად დგას პატარა და საშუალო მაღალტექნოლოგიური საწარმოების წინაშე.

კაპიტალის ალტერნატიული ბაზრის განვითარება ინოვაციური ინვესტირების ფონდების ბაზაზე, მოგვცემს ინვესტორების და მოწინავე ტექნოლოგიების შემქმნელების (რომელთაც დღეს არ გააჩნიათ საკმარისი სახსრები მათ განსახორციელებლად,) ინტერესების შეთანხმების საშუალებას. კაპიტალის თანამედროვე ალტერნატიული ბაზრის ერთ-ერთი ელემენტის როლში გამოდის ვენჩურული კაპიტალის ბაზარი. ვენჩურული პროექტებისთვის დამახასიათებელია დროის ხანგრძლივი პერიოდი საინვესტიციო დანახარჯებსა და მოგების მიღებას შორის (5-10 წელი). ვენჩურული კაპიტალისტების ინვესტიციური აქტიურობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ განვითარების რომელ სტადიაზე იმყოფება პატარა მაღალტექნოლოგიური კომპანია, და, ასევე, ვენჩურული ინვესტიციების განხორციელების პირობებზე ამა თუ იმ სახელმწიფოში. ვენჩურული კაპიტალის გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე ძალზე მნიშვნელოვანია. ვენჩურული კაპიტალის ევროპული ასოციაციის მონაცემების მიხედვით, ვენჩურული საწარმოები ყოველწლიურად ზრდიან სამუშაო ადგილებს 15%-ით მაშინ როდესაც უმსხვილესი ევროპული საწარმოები მხოლოდ და მხოლოდ 2%-ით. (დიაგრამა 2) [1]. 

დიაგრამა 2.  საწარმოს განვითარების ძირითადი მაჩვენებლების საშუალო

ყოველწლიური ზრდა

ინოვაციურ საქმიანობაზე დანახარჯების წილი ვენჩურულ საწარმოებში შეადგენს 8,6% გაყიდვების მოცულობიდან შედარებით 1,3%-სა სხვა ევროპულ საწარმოებში.

თუმცა ვენჩურული დაფინანსების ყველაზე დიდ უპირატესობას მეწარმეებისთვის წარმოადგენს ის, რომ ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად ისინი იღებენ საორგანიზაციო, მმართველობით და სხვა მხარდაჭერასაც. ვენჩურული საწარმოების მენეჯერების 80%-ის აზრით, მათი ბიზნესი ვერ იარსებებდა ან, ყოველ შემთხვევაში, ვერ განვითარდებოდა ამდენად ეფექტურად ვენჩურული ინვესტორების დახმარების გარეშე. ვენჩურული ინვესტირების ევროპული ასოციაციის  მონაცემების თანახმად, ინვესტიციების მიმღები კომპანიის ტიპური პორტრეტი უნდა გამოიყურებოდეს შემდეგნაირად: ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანია, რომლის არსებობის პერიოდი 5 წელზე ნაკლებია, თანამშრომლების რიცხვი ვარირებს 100-დან 500 ადამიანამდე და  ვარაუდობს ინვესტირებიდან „გასვლას“ 3-4 წელიწადში.

მეწარმის მიერ ამა თუ იმ სახის დაფინანსების არჩევა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, ესენია: დაფინანსების წყაროს ხელმისაწვდომობა, გადასახადი (პროცენტი) დაფინანსებისთვის, მეწარმის პროფესიონალიზმი და ამბიციურობა, დაფინანსების შემადგენლობა (მხოლოდ ფინანსური სახსრები თუ თანმხლები მომსახურებებიც) და ა.შ. ვენჩურულ დაფინანსებას გააჩნია დიდი უპირატესობა დაფინანსების დანარჩენ წყაროებთან შედარებით კომპანიის განვითარების დაწყებით ეტაპებზე, რადგან ფულად სახსრებთან, საორგანიზაციო, მმართველობით და სხვა ტიპის მხარდაჭერასთან ერთად, მეწარმეს შეიძლება შესთავაზონ  ინვესტორის პირადი კავშირები, ინფორმაცია ბაზრებისა და ანალოგიური საქონლის შესახებ. კომპანიის განვითარებასთან ერთად, ვენჩურული ინვესტორის მიერ შეთავაზებული ადამიანური კაპიტალის როლი მცირდება და უკვე ვენჩურული დაფინანსების ნაცვლად ხდება სტრატეგიული დაფინანსება.

ამდენად, თანამედროვე საზოგადოების ფორმირების ძირითად მსოფლიო ტენდენციას წარმოადგენს ნედლეულისა და სამრეწველო ეკონომიკიდან ინოვაციურზე გადასვლა, რომელიც ეფუძნება ინტელექტუალურ რესურსებს, სამეცნიერო და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. საქართველოს მთავრობას ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გამოუცხადებია  ეკონომიკის განვითარების ინოვაციურ გზაზე გადასვლის შესახებ, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. სისტემური ინოვაციების გამოჩენა საწარმოო ფაქტორების სტრუქტურაში გამოიწვევს ერთგვარ დისბალანსს უკვე არსებულ სისტემაში და შექმნის ფაქტორების კომბინაციის გადახედვის, მათი ოპტიმალური შეხამების ვარიანტების ძიების საჭიროებას, ხოლო ამან კი შესაძლოა განაპირობოს ახალი ან კომპლექსური ფაქტორების გამოჩენა, რომლებიც შესაფერისი იქნება საბაზრო განვითარების თანამედროვე ეტაპისთვის. ერთ-ერთი ინსტრუმენტის როლში, რომელიც მოგვცემს საშუალებას,  უზრუნველვყოთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მდგრადი ტემპები და შევამციროთ სხვაობა ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებთან შედარებით, შეიძლება წარმოგვიდგეს ვენჩურული დაფინანსება.

დასკვნა

თანამედროვე საზოგადოების ფორმირების ძირითად მსოფლიო ტენდენციას წარმოადგენს გადასვლა ნედლეულისა და ინდუსტრიული ეკონომიკიდან „ახალ ეკონომიკაზე“, რომელსაც ზოგჯერ ასევე  „ცოდნის ეკონომიკას“უწოდებენ (knowledge based economy).

საქართველომ არაერთხელ განაცხადა ჩვენი ეკონომიკის განვითარების ინოვაციურ გზაზე გადასვლის შესახებ. მაგრამ ამისათვის უბრალო დაანონსება არ მოგვიტანს მოსალოდნელ შედეგს.

ტექნოლოგიური რევოლუციის თანამედროვე ეტაპზე კომპანიები მიისწრაფვიან ინოვაციებში განხორციელებული ნოვატორობის და სიახლეების ხვედრითი წილის ზრდისკენ, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაზარდონ მონოპოლიზმის დონე მოცემულ სფეროში და უკარნახონ მომხმარებლებს და კონკურენტებს საკუთარი პოლიტიკა. საზოგადოების კეთილდღეობა განისაზღვრება არა საწარმოო ფაქტორების მასით, არა ინვესტიციების მოცულობით, არამედ ინოვაციური საქმიანობის ეფექტურობით, რაც იძლევა საბოლოო დადებით შედეგს.

თანამედროვე საქართველოსთვის ერთ-ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც აფერხებს ინოვაციურ საქმიანობას, და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, წარმოადგენს ფინანსური ფაქტორი - ინოვაციური პროექტების დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების უკმარისობა და ხელმიუწვდომლობა.

ინოვაციების დაფინანსების ძირითადი წყაროების სახით გამოყოფენ:

  • საკუთარი და ნასესხები ფინანსური სახსრები, აქტივების სხვა სახეობები (ძირითადი ფონდები, მიწის ნაკვეთები, სამრეწველო საკუთრება და ა.შ.);
  • ასიგნებები ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან;
  • უცხოური ინვესტიციები, რომელთა წარდგენა ხდება ფინანსური სახით ან საწესდებო კაპიტალში სხვაგვარი მონაწილეობით;
  • დაბრუნებადობის საფუძველზე გაცემული კრედიტები, მათ შორის სახელმწიფო, კომერციული ბანკებისა და უცხოელი ინვესტორების.

თანამედროვე საზოგადოების ფორმირების ძირითად მსოფლიო ტენდენციას წარმოადგენს ნედლეულისა და სამრეწველო ეკონომიკიდან ინოვაციურზე გადასვლა, რომელიც ეფუძნება ინტელექტუალურ რესურსებს, სამეცნიერო და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. საქართველოს მთავრობას ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გამოუცხადებია  ეკონომიკის განვითარების ინოვაციურ გზაზე გადასვლის შესახებ, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. სისტემური ინოვაციების გამოჩენა საწარმოო ფაქტორების სტრუქტურაში  ერთგვარ დისბალანსს გამოიწვევს უკვე არსებულ სისტემაში და შექმნის ფაქტორების კომბინაციის გადახედვის, მათი ოპტიმალური შეხამების ვარიანტების ძიების საჭიროებას, ხოლო ამან კი შესაძლოა განაპირობოს ახალი ან კომპლექსური ფაქტორების გამოჩენა, რომლებიც შესაფერისი იქნება საბაზრო განვითარების თანამედროვე ეტაპისთვის. ერთ-ერთი ინსტრუმენტის როლში, რომელიც მოგვცემს საშუალებას,  უზრუნველვყოთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მდგრადი ტემპები და შევამციროთ სხვაობა ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებთან შედარებით, შეიძლება წარმოგვიდგეს ვენჩურული დაფინანსება.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Макки Д. Вклад венчурного капитала в экономику Великобритании. Общество и экономика, 2001, №1, с.57-58.
  2. Хайман Д. Современная микроэкономика: анализ и применение. М.: Прогресс. 1992. Т.2.
  3. Kalecki M. Thend and Business Cycles Reconsidered // Economic Journal. 1968. №310
  4. http://knoema.ru/atlas/topics